ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ვერტმფრენების სხვადასხვა პირებზე გადაფორმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ 14 ვერტმფრენს დღეს ახალი, ფორმალური მფლობელები ჰყავს. რიგითი თანამშრომლები, რომლებიც ოლიგარქის კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ, დღეს საჰაერო ფლოტის მფლობელები არიან. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კომპანია, საფრენი აპარატებიანად – მისივე კუთვნილი ავიასერვისის პერსონალზე გაასხვისა.
გეგმის განხორციელება ოლიგარქმა პოლიტიკიდან წასვლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. 2018 წელს ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ჯგუფი” აცხადებს, რომ ყიდის ყველა ვერტმფრენს, მალე მათი შეძენის სურვილს სიმბოლურად ივანიშვილისვე კუთვნილი კომპანია “აერო როტორ” ჰოლდინგი გამოთქვამს. კომპანიას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ალეკო ტყემალაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ქართუს და აეროსერვისს ერთდროულად მართავს. გამყიდველი კომპანია “ქართუ ჯგუფი” მყიდველს, “აერო როტორ” ჰოლდინგს 5 მილიონ აშშ დოლარს სესხის სახით თვითონვე აძლევს. 15 წლიანი გირაოს უზრუნველყოფით.
ალეკო ტყემალაძე, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც დღეს ივანიშვილის კუთვნილ ორ ავია კომპანიას სრულად განაგებს. ოლიგარქის ფასეული ქონება ტყემალაძისა და სხვა თანამშრომლების მსგავსად, ალექსანდრე კართხიას საკუთრებაცაა. ის კომპანიის დირექტორის შემდეგ, ყველაზე მეტ, 18 % ფლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელზე დღეს არცერთი ვერტმფრენი აღარ არის, მისი პირადი პილოტები მუშაობას განაგრძობენ. ამის დასტურად სოციალურ ქსელში ფოტოებს, მისი პილოტი ავრცელებს. რაც აჩენს ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადამალული ვერტმფრენები კვლავაც ემსახურება და მეტიც, თუ მოისურვებს კუთვნილ აერო პარკს ისევ დაიბრუნებს.
ძვირადღირებული აპარატების გარდა ივანიშვილს რუსული მი8 ტიპის ვერტმფრენებიც მოსწონს, რომელიც არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ ბიზნესის ფუნქციასაც ითავსებს. ავღანეთში გაქირავებული აერო ფლოტს ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ ვერსიაზე, რომ შესაძლოა ოლიგარქის ქმედებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების შიშს უკავშირდება.