ივანიშვილმა უთხრა ქართველ ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ – ხვიჩია უბარიერო არჩევნებზე

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული, უბარიერო არჩევნების იდეის გაჟღერებით ქართველ ხალხს უთხრა, როგორ უნდა ეცხოვრა, თუმცა მას საკუთარ გუნდშიც ვერ გაუგეს, ამიტომ ეს იდეა ვერ განხორციელდა.

მისი განცხადებით, ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს სულ მადლობას უხდის.

“ბიძინა ივანიშვილმა, რაც არ უნდა ცინიკურად და ირონიულად ჟღერდეს, მე მართლა ასე ვფიქრობ, მთავარი მმართველობითი სისტემა გადმოსცა 1 წინადადებაში და უთხრა ქართველ ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ ზოგადად. მართალია, მან ეს ვერ განახორციელა, იმიტომ რომ საკუთარ გუნდშიც კი ვერ გაუგეს ამ იდეის სიდიადე, მაგრამ ეს იდეა დარჩა. მე ამისთვის ბიძინა ივანიშვილს სულ მადლობას ვეუბნები.

ქართული ოცნების დღევანდელი წევრები ჩემზე მეტად უნდა გრძნობდნენ ამ ვალდებულებას, რომ ეს სისტემა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიაზრა და სხვებმა ვერ გაიაზრეს, ქართველ ხალხს ჰქონდეს, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც სულ გვქონდა – ერთპარტიული მმართველობა და ერთმანეთის ჭამა”,– ამბობს იაგო ხვიჩია ტვ პირველის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართული ოცნების თანხმობა ბუნებრივ ბარიერიან არჩევნებზე არ აქვთ. ხვიჩიას განცხადებით, თუ ხელისუფლება ამ წინადადებას დათანხმდება, პარლამენტში შევლენ.