ივანიშვილს აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული, ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი – ქანთარია

ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია 6 კონგრესმენის მიერ პომპეოს მიმართ მიწერილი წერილის შესწორებებს აქვეყნებს.

კონგრესმენების განცხადებას, რომ “რუსი ოლიგარქის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა რეგრესს განიცდის, ქანთარია პასუხობს, რომ საქართველომ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა.

“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველ ძალად, ქვეყნის განვითარებამ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა. დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, უპრეცენდენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ა.შ.”, – წერს ქანთარია ფეისბუქზე.

მისივე განცხადებით, ივანიშვილი რუსი ოლიგარქი არ არის, რადგან ქვეყნისთვის “აუწონავ” სიკეთეს ოლიგარქი ვერ გააკეთებდა.

“არ დაიჯეროთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის ოლიგარქიული. პირიქით, ივანიშვილს ქვეყნის მიმართ აუწონავი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი არის წარმატებული ბიზნესმენი. ის არის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი”, – წერს ქანთარია.

ის ასევე პასუხობს კოგრესმენების კრიტიკას ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების შეჩერებასთან დაკავშირებით:

“საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. 2012 წლამდე კი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ხელდასხმით მთელი რიგი ობიექტები, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის, ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა”,– აცხადებს ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია.

27 ივლისს 6 კონგრესმენმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილი მისწერა, რომელშიც საქართველოში პროგრესის შეჩერებაზე, ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე და ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების ქვეყნიდან გაძევებაზეა საუბარი.

კონგრესმენები წერილში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და სახელმწიფო მდივანს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმებას სთავაზობენ, რათა საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხი დადგეს.