ივანიშვილს ლაგუნა ვერეზე მეტროს გაყვანა და სავაჭრო ცენტრის დაშენება უნდოდა – ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ლაგუნა ვერეზე მეტროს ხაზის გაყვანა და მასზე დიდი სავაჭრო ცენტრის დაშენება უნდოდა, რაც არ გამოუვიდა.

“მეტროს ხაზის გამოყვანა უნდოდა, მეტროს გაჩერების და ზედ უნდოდა დიდი სავაჭრო ცენტრის დაშენება, რომ მეტროდან ამოსული ხალხი პირდაპირ სავაჭრო ცენტრში ასულიყო, როგორც ეს “გალერია თბილისის” შემთხვევაში გაკეთდა.

პრობლემაა, რომ აქ ამის გაკეთება მოუნდა ბიძინა ივანიშვილს. ეს ამბავი იმიტომ არის გაჩერებული, რომ ვერ გამოჰყავთ მეტროს ხაზი. ხაზი აქვეა, ელბაქიძის დაღმართზე, მარჯვენა მხარეს დააკვირდით, საქანელას ქუჩა რომ იწყება, მანდ გვირაბი შედის და თითქმის დასრულებულია სადგური “რუსთაველი 2″. როგორც ჩანს, იფიქრა ივანიშვილმა, მოდი, ბარემ ხაზს დავაგრძელებ და აქ გამოვიყვან მეტროსო. ასეთი რაღაცები არ შეიძლება, ქალაქს არ უნდა აკადრო”,– ამბობს ელისაშვილი.

მისივე აზრით, მეტრო იქ უნდა იყოს, სადაც საჭიროა და არა იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილს “ფულის გაკეთება და ბიზნესცენტრის აშენება უნდა”.

ელისაშვილი ფიქრობს, რომ ლაგუნა ვერე ბიძინა ივანიშვილმა ქალაქს უნდა აჩუქოს, ან ის უნდა გამოსყიდონ, რათა იქ საწყლოსნო კომპლექსი აღდგეს.

“ეს ამბავი იყო, რატომაც არის დაგდებული ლაგუნა ვერე სინამდვილეში. ზოგიერთმა უთხრა [ივანიშვილს], ეგრე არ გამოვაო. ეს ამბავი კალაძემაც ძალიან კარგად იცის. ალბათ, ივანიშვილთან ერთად საანგარიშოთი ანგარიშობდა, რამდენი შეიძლებოდა ქალაქს დაჯდომოდა”,–  აღნიშნავს ელისაშვილი.