ეს ამბავი “ოცნების” ხელში სისტემური დეგრადაციის მაგალითია – უგულავა ღვინჯილიას დაკავებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის კონტრაბანდის გამო დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს “ოცნების” ხელში სისტემური დეგრადაციის ერთი მაგალითია.

მისი თქმით, “ივანიშვილ–გახარიას ოცნება” უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს.

“უკვე მერვე წელია “ოცნება” ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, სიგარეტზე აქციზს უკიდეგანოდ ზრდის. შედეგად მწეველთა რაოდენობა არ შემცირებულა, მხოლოდ უფრო დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადავიდნენ მწეველები, ანუ ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში გახდა მოწევა. სამაგიეროდ, მოგების მარჟა იმდენად გაიზარდა, რომ კონტრაბანდამ იმატა. გაივსო სამეგრელო კონტრაბანდული სიგარეტით. უკვე აღმოსავლეთის ბაზრებზეც მოიწევს.

დღეს წალენჯიხის “ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდისთვის დააკავეს. ეს უკვე კატასტროფაა. ამასთანავე, მთელმა სამეგრელომ იცის რომ “კრიმინალს გახარია ალაგებს” და კონტრაბანდული ფულიც მშვიდად “ოცნების” ყულაბაში ჩხრიალებს. მეისრეების დასჯა არაა საკმარისი. ივანიშვილ-გახარიას “ოცნება” უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს, რომ კონტრაბანდას აზრი დაეკარგოს. ეს ამბავი ერთი მაგალითია ოცნების ხელში სისტემური დეგრადაციის. მალე ყველაფერი შეიცვლება”, – წერს უგულავა.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მანქანით დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. ფაქტს ადასტურებს წალენჯიხის გამგებელი.