ივარჯიშეთ და თქვენსავე ტელევიზიებში ვიდებატოთ – გახარია კალაძესა და მელიას

თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებს სთავაზობს. მისი თქმით, მზად არის, კალაძესთან “იმედის” ეთერში იდებატოს, მელიასთან კი “მთავარ არხზე”

„ერთი ბიძინა ივანიშვილის პროექტს გვეძახის, მეორე კი მიხეილ სააკაშვილთან კავშირში გვადანაშაულებს. მათ ფაქტობრივად შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები და აწყობენ ცირკს იმის მაგივრად, რომ შინაარსიან დებატებში შემოვიდნენ.

ამიტომ მივმართავ “ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას, მოდი, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი ერთზე იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი.

როგორც ჩანს, როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახა კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო „იმედის“, პარტიულ ტელევიზაში დებატები, იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ნიკა მელიას კი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ არხზე „მთავარ არხზე“ ვთავაზობ დებატებს“,- განაცხადა გახარიამ.

მან მოუწოდა ოპონენტებს “ივარჯიშონ და მოემზადონ” დებატებისთვის.