ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა – „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს მდგომარეობის დამძიმება – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ივლის-აგვისტოში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა.
„2025 წლის ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის ხვედრითმა წილმა. ბოლო კვირის მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი. იმ პაციენტებთან, ვისაც სჭირდება სტაციონარიზაცია, ისე იმ პაციენტებს, რომლებსაც მხოლოდ ამბულატორიული მართვა სჭირდება, წამყვანი სწორედ კორონავირუსია. ჯამური რაოდენობა ორივე მიმართულებით არის 71%[…]ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს დაავადების მიმდინარეობის მიხედვით მდგომარეობის დამძიმება, ანთების განვითარება, საავადმყოფოში მოხვედრის აუცილებლობა. ჩვეულებრივი, სტანდარტული ისეთი ტიპის ვირუსია, რომელმაც შეიძლება გაციების მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის ეს ვირუსი იმ ვირუსების ჩამონათვალში, რომელსაც ახლა ვაფასებთ, როგორც მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული დაავადების გამომწვევ ვირუსს.[…]ალბათ, ნოემბრის თვე იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს მწვავე რესპირაციული ინფექციების მატება. ამ თვალსაზრისით, ალბათ წლევანდელი წელი გამორჩეული არ იქნება. ჩვენ გვინდა მოსახლეობას შევახსენოთ, რომ წელს ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იქნება შემოტანილი გრიპის ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება. რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები და ასევე, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები 5 წლამდე. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.[…] 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები ეს არის ის კონტინგენტი, როდესაც ჩვენ ყოველთვის გვეშინია გრიპის გართულების. გრიპი არ არის ჩვეულებრივი ვირუსი. ოქტომბრიდან დაწყებული, ალბათ ის იქნება ყველაზე მძიმე დაავადების განმაპირობებელი ვირუსი. ამის უკან დგას გართულებების მაღალი ალბათობა: ფილტვების ანთება, გულის დაზიანება, თავის ტვინის დაზიანება. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.