“ივნისში დამიფიქსირდა G ანტისხეულები”-ნოდიკო ტატიშვილი აცხადებს რომ მას კორონავირუსი იანვარში ჰქონდა

კორონავირუსით ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი ტვ “პირველის” ეთერში აცხადებს, რომ მას კორონავირუსი ჯერ კიდევ იანვარში ჰქონდა. მისი თქმით ზამთარში მას მაღალი სიცხეები ჰქონდა 2 კვირის განმავლობაში და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა მის გარეშემო სხვა ადამიანებსაც. ტატიშვილი ასევე ამბობს იმასაც, რომ ივნისში მან ორჯერ გაიკეთა კორონავირუსზე ტესტი და ორივეჯერ მის ორგანიზმში G ანტისხეულები აღმოჩნდა.

„იანვარში ვიყავი ძალიან ცუდად. ერთი კვირა მქონდა სიცხეები და ვიწექი. მაშინ არ იყო კოვიდი შემოსული საქართველოში, ჩემს გარშემო ბევრი მაღალი სიცხის გამო ჩაწოლილი იყო, მათ შორის ვიყავი მე. ივნისში ორჯერ გავიკეთე ანალიზი და ორივეჯერ დამიფიქსირდა, G ანტისხეულები.

ახლაც სიცხეები დამეწყო და ცოტა გამიძნელდა. არ ვაპირებდი კლინიკაში გადასვლას თუმცა როცა ექიმმა მითხრა, რომ უნდა დავწოლილიყავი საავადმყოფოში, რადგან მარტო ვიყავი და შეიძლება გართულებები წასულიყო. რაღაცნაირი ვირუსია, ვერ გაუგებ.ახლა ჩემთან ერთად არის ადამიანი, რომელსაც არც სიცხე არ აქვს და არც ხველა და არანაირი გამოხატული სიმპტომები, თუ არ ჩავთვლით პნევმონიას. მადლობა ღმერთს, რომ მე არ მაქვს ფილტვების ნათება, თუმცა მაქვს დაზიანება მსუბუქი ფორმით.სისხლში ცვლილებები მაქვს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ბოჭორიშვილის“ კლინიკის მედპერსონალს, მათთან თავს დაცულად ვგრძნობ.“ – აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი.

ცნობისთვის,ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 26 თებერვალს დაფიქსირდა რასაც მომდევნო კვირებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რიგი რეგულაციების მიღება მოჰყვა.