ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს.
წერილი ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ფოტიგა ბორელს 2 კითხვით მიმართავს.
“3 მარტს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნისა და
2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ყველა მთავრობის ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მე მივესალმები.
პრინციპში, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ამ მხრივ, მე მაწუხებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები უამრავ მოწოდებას, მოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.
არაერთი დამოუკიდებელი დაწესებულება, ექიმი და დიპლომატი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლო პროცესებთან და ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რაც წაქეზებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის, რომელსაც რუსეთთან კავშირი და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლი აქვს. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების ორაზროვან პოზიციას იწვევს.
1. შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა საჭირო ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში?
2. ეთანხმებით თუ არა, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ პოზიტიური წვლილი შეიტანა პოლიტიკურ რეფორმებსა და მის მომავალს ევროკავშირში და იზიარებთ თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირების მქონე ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?”,– წერს ანა ფოტიგა ბორელისთვის მიწერილ წერილში.