ილვესი: საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების და მათი კეთილგანწყობის მოპოვების გზით

“რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს”, აცხადებს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია ჩანს, რომ საქართველო უკრაინასთან ისეთი სოლიდარული არ არის, როგორიც მოსალოდნელი იყო. ეს კი ნაწილობრივ ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას უკავშირდება. ილვესის თქმით, “ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების შეძენა და ადამიანებზე გავლენის მოხდენა არის შესაძლებელი”.

მისი თქმით, თუ გაირკვა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებზე თავის არიდებაში ეხმარება, ამას დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაცია მოჰყვება.

“ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია პრობლემაა. რომ საქართველომ არ გამოავლინა ისეთი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, როგორიც ბევრმა სხვა ქვეყანამ. ეს უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. მაგრამ ეს ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, რასაც საქართველო ქვეყნის შიგნით აკეთებს – რომ მას ბევრი არაფერი გაუკეთებია ისე, როგორც ამას ევროკავშირში მოელოდნენ. ამაში ვგულისხმობ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას, ევროკავშირის საელჩოებზე მიყურადებას და სხვა. ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების გაჩენა და ადამიანებზე გავლენის მოხდება არის შესაძლებელი.“– ამბობს ილვესი.

ამერიკის ხმის ჟურნალისტმა მას კითხვები რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა და საქართველოში ელჩებზე თავდასხმის შესახებაც დაუსვა:

რას ფიქრობთ საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე? ეს არის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საკითხი როგორც უკრაინასა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოს შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეუძლია თუ არა საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება?

ლიბერალურ-დემოკრატიულმა დასავლეთმა ეს გააკეთა. ბევრი ქვეყანა ამას დათანხმდა, ისეთებიც კი რომლებიც დასავლეთშიც კი არ არიან. თუ თქვენ ცალსახად არ მიჰყვებით იმას, რაც დანარჩენმა დასავლეთმა გააკეთა, ცხადია, ეს სრულიად თქვენი უფლებაა. თუმცა მაშინ თქვენ ასევე უნდა იყოთ მზად იმ შედეგებისთვის, რომლებიც იმას მოჰყვება, რომ დასავლეთი ერთ-ერთ თავისიანად არ ჩაგთვლით.

თქვენ როგორ მიგაჩნიათ, საქართველო არის დასავლეთის ერთ-ერთი წევრი დღეს იმის გათვალისწინებით, რაც ახლა თქვით? განსაკუთრებით ანტი-დასავლური ნარატივების მომატებას და ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებზე თავდასხმებს ვგულისხმობ.

კარლ ბილდტთან ერთად თავდასხმების სამიზნე გავხდი… საქართველოს ორი ყველაზე დიდი მეგობარი ბოლო 20 წლის განმავლობაში… მიჭირს ობიექტური ვიყო.

გასაგებია. უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი გავლენა საქართველოზე ის არის, რომ ამ დროისთვის საქართველოში ათობით ათასი რუსი იმყოფება. ეს თემა ერთგვარად ესტონეთსაც უკავშირდება, რადგანაც თქვენი ქვეყანა რუსებისთვის ვიზების აკრძალვის იდეის ინიციატორია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს რუს ტურისტებთან, ეკონომიკურ მიგრანტებთან თუ ლტოლვილებთან დაკავშირებით. ტერმინოლოგია განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვინ საუბრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რას ფიქრობთ რუსების მოსაზღვრე ქვეყნებში გადინებაზე?

ეს რთული საკითხია თითოეული ქვეყნისთვის. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მტკიცედ გვჯერა, რომ თუ თქვენ შეიჭერით ქვეყანაში, მაშინ ნამდვილად არ უნდა გქონდეთ ევროპაში მოგზაურობის პრივილეგია. შედარებისთვის მაგალითი იქნებოდა ის, რომ ნაცისტები დასასვენებლად მაიამიში ჩასულიყვნენ 1940 წელს, სანამ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა. ეს სასაცილო იქნებოდა და ვფიქრობ, სასაცილოა ის, რომ რუსი ტურისტები დღეს აქ ჩამოდიან და კარგ დროს ატარებენ. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, ჩამოსული რუსები უკრაინელ ლტოლვილებს ავიწროებენ, რაც მე სრულიად ამაზრზენ და წარმოუდგენელად უსინდისო საქციელად მიმაჩნია. მათ აქვთ ვიზები ევროპაში ჩასასვლელად და ამ ქვეყნებში ჩადიან და ავიწროებენ უკრაინელებს, რომლებსაც თავის გადასარჩენად საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდათ – ეს ამაზრზენია. ეს ჩვენი, ბევრი ესტონელის და ასევე სხვების შეხედულებაა. ამასთან, ტურისტული ვიზების უფრო ფართო პრობლემაც არსებობს.

გახსოვთ ალბათ, გრუ-ს აგენტები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ, სერგეი სკრიპალზე თავდასხმის მოსაწყობად და გაერთიანებული სამეფოს ერთი მოქალაქე მოკლეს. ასევე ტურისტული ვიზების მქონე ხალხმა მოკლა ლტოლვილი ბერლინში და ააფეთქა იარაღის საწყობი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაიღუპა. ახლა საქმე ისაა, რომ ტურისტული ვიზები ნამდვილად არის პრივილეგია, რომელიც ბოროტად იქნა გამოყენებული ყველაზე საბაზისო პრინციპის დონეზეც კი. მისი გამოყენებით ისინი ევროკავშირში მკვლელობებს ჩადიან. ვფიქრობ, დროა ეს დავასრულოთ.

ზოგიერთ შემთხვევაში ამ ტურისტებს შემოაქვთ ქვეყნებისთვის ძალიან საჭირო ფულადი რესურსები. ყოველ შემთხვევაში, ასეა საქართველოში. ამ ნაწილს როგორ უპასუხებთ – როგორ უნდა იყოს ტურიზმის შემოსავალი გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილების მიღებაში?

ეს ამ შემთხვევაში უადგილოა. ჩვენ ვართ რუსებისთვის რიგით მეორე ტურისტული დანიშნულების ადგილი ევროპაში. ფინეთი პირველ ადგილზეა, ესტონეთი მეორეზე და მესამეზე – გერმანია. ჩვენთან გერმანიაზე მეტი რუსი ტურისტი შემოდის. საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი ჩადის, ვიდრე – ესტონეთში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის.

საქართველოში ბოლო პერიოდში გაძლიერდა ნარატივი, რომ დასავლეთი – განსაკუთრებით შეერთებული შტატები, მაგრამ ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნები – ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას, იმისთვის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას. რას ფიქრობთ ამაზე?

მე არ მჯერა ამის. არ მჯერა იმის, რომ ვინმე ცდილობდეს საქართველოს რაიმე ომში ჩათრევას. მე ვარ ერთ-ერთი ბრალდებული იმაში, რომ ომი მინდა და საქართველოს ომში ჩათრევას ვცდილობ. მე მსგავსი არასდროს არაფერი მითქვამს, არასდროს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივია. მე ეს საერთოდ არ მესმის.

რა იწვევს ამას, რა ასაზრდოებს ამ ნარატივს?

არ ვიცი. მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, რუსეთთან ომში ჩართვა არავის უნდა, მათ შორის არც ესტონეთს და რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ეს საქართველოსთვის? მე არასოდეს, არანაირ კონტექსტში ეს მოსაზრება არ გამომითქვამს და არ გამივრცელებია. მეორე მხრივ, სანქციების შესახებ რომ ვთქვათ, ამას ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს არის ის, რასაც მოველით ვინმე ისეთისგან, რომელსაც ჩვენიანად განვიხილავთ. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამას რეაგირება მოჰყვება და ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება.

ძალიან მოკლედ მითხარით, რა შეიძლება იყოს ეს რეაგირება?

იზოლაცია!

წყარო: ამერიკის ხმა