ილია მეორეს საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს  საპატიო დოქტორის ხარისხი (honoris causa) მიანიჭეს.საპატრიარქოში გამართულ  ღონისძიებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო და სიტყვა წარმოთქვა.

“მიხარია, რომ ვიმყოფები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-სათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიალზე და როგორც საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მეძლევა მოკლედ ვისაუბრო ქართული საზოგადოების სახელით მისი უწმინდესობის ღვაწლზე ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. ისიც უნდა დავამატო, რომ ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რომ ჯერ არ ჰქონდა უწმინდესს მიღებული საპატიო ხარისხი ჩვენი სემინარიის და აკადემიისა.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელში ხელახლა დაიბადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, როცა ის მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა.

თქვენ შესძელით თქვენი დაუღალავი შრომით საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტრების აშენება-აღორძინება და პირველ რიგში, ყველგან ჩვენს საზღვრებზე, რაც არის უდიდესი საქმე ჩვენი სახლემწიფოსთვის.

რელიგიური განათლება ხელმისაწვდომი გახადეთ საქართველოს თითქმის იმ დროს აბსოლუტურ ათეისტურ საზოგადოებაში. რაც გამოიხატა, პირველ რიგში, სასულიერო სემინარიის დაარსებით, რასაც მოჰყვა სხვადასხვა პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებები და უნივერსიტეტი. 

თქვენ შესძელით საქართველოს ეკლესიის წიაღში ქართული კულტურის შენარჩუნება და აღორძინება, იქნება ეს არქიტექტურა, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობის დარგები, ხელსაქმე, მონუმენტური მხატვრობა, გალობა, ხატწერა, მინანქრის ხელოვნება, ოქრომჭედლობა, ნაქარგობა და სხვა მრავალი.

დაუვიწყარია თქვენი გმირობა 2008 წლის ომის დროს, როცა თქვენი მისიის წინააღმდეგ მტერიც კი უძლური აღმოჩნდა და როგორც ჭეშმარიტმა მშობელმა და ჭირისუფალმა ოკუპირებული ზონიდან ჩამოასვენეთ და გააპატიოსნეთ ჩვენი დაღუპული გმირები.

დიდია თქვენი ღვაწლი ამ ბობოქარ წლებში შვილმკვდარი მშობლების ნუგეშისა და მათი ცხოვრებისთვის ახალი საზრისის მინიჭებაში.

თქვენ მფარველობთ ობოლ და უდედმამო ბავშვებს, ზრუნვათ მათ აღზრდასა და განათლებაზე, ზრუნავთ საქართველოს დემოგრაფიაზე.

თქვენს დამსახურებების ჩამონათვალს არა აქვს სასრული და ეს არის ნიმუში ნამდვილი მოღვაწეობის!

ქართული საზოგადოება აფასებს თქვენს უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც უპირველესად გამოიხატება სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთგულებასა და ზრუნვაში, ამ უმძიმეს წლებში.

თქვენ დღემდე საკვირველი დათმენით ეგებებით საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ურთულეს ხვედრს.

ჭეშმარიტად მძიმეა გარდამავალ ეპოქაში საზოგადოების სულიერი წინამძღოლობა. ზრუნვა მისი სულიერი გადარჩენისთვის, არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური იდეების ერთგულებით.

თქვენ განსაცდელის ჟამს მოგიწიათ საქართველოს სულიერი მწყემსობა. განსაცდელი არ ილევა, მსოფლიო ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შედის.

თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს ხელახლა მშვიდობას.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და თქვენს დღეგრძელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს.“– თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.