თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქი ილია II კორონავირუსს ემალება, პარალელურად კი ეკლესიებში საერთო კოვზით აზიარებენ მრევლს.
“თენგიზ ცერცვაძის დაინფიცირებით გვამუნათებს ეკლესია. აგერ, თქვენი მთავარი ეპიდემიოლოგი დაინფიცირდაო – გაჰყვირის მეუფე იოანე გამრეკელი. კი მაგრამ ეგრე სერბეთის პატრიარქი გარდაიცვალა, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის ეკლესიების მეთაურები საავადმყოფოში წვანან, კოვიდით. ახლა ილია მეორე თვითონ კარგად ემალება კოვიდს, წირვებს თავის რეზიდენციაში ატარებს, თუმცა ეკლესიებში მრევლს მაინც საერთო კოვზით აზიარებენ”,– წერს კობახიძე.
მისივე აზრით, სასულიერო პირებმა “თუ ასე გააგრძელეს, არაადამიანები გახდებიან სამღვდელოებაც და მათი მრევლიც”.
“მართალია, ჩვენთანაც გარდაიცვალნენ სასულიერო პირებიო, აგრძელებს ეს მეუფე იოანე, მაგრამ ეგენი ავადმყოფები იყვნენ, ისედაც მოკვდებოდნენ, თან ეკლესიაში არ დაინფიცირებულან, ეკლესია კი არ აინფიცირებს, არამედ ადამიანი გადასდებს ადამიანსო. აბა, ეკლესია ადამიანები არ არიან უპირველეს ყოვლისა, თუ ქვებია ეკლესია? ასე თუ გააგრძელეს მართლა არაადამიანები გახდებიან სამღვდელოებაც და მაგათი მრევლიც. ასი ათას მოსახლეზე დაინფიცირებულების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და ეკლესია ისევ თავის სიბნელეს და ფანატიზმს აწვება…”,– წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე.