ილონ მასკმა უპასუხა ბრალდებებს, რომ Starlink–ის ინტერნეტის გამოყენებისას უკრაინელ სამხედროებს პრობლემები აქვთ

SpaceX–ის მფლობელმა, ილონ მასკმა პასუხი გასცა Financial Times–ის სტატიას, რომელშიც საუბარი იყო Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეფერეხებებზე, რომლებსაც უკრაინული არმია იყენებს.

გამოცემის მასალაში მოყვანილი იყო უკრაინელი სამხედროების გამონათქვამები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში კონტრშეტევისას მათ ტერმინალების მუშაობისას პრობლემები შეექმნათ.

მასალაში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ Starlink–ის ათასობით ტერმინალი აშშ–ს ხელისუფლებამ და დონორებმა შეიძინეს უკრაინის არმიის დასახმარებლად, რათა მათ უპილოტო აპარატების მართვა, მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიღება და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლებოდათ იმ რაიონებში, სადაც სხვა უსაფრთხო ქსელები არ არსებობს. მასკმა ყურადღება სწორედ ამ ასპექტზე გაამახვილა:

“ცუდი რეპორტაჟი იყო. ამ სტატიაში მცდარი მტკიცებებია, თითქოს Starlink–ის  ტერმინალები და მომსახურება ანაზღაურებული იყო, არადა მხოლოდ მცირე პროცენტი აანაზღაურეს. ეს ოპერაცია  SpaceX–ს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლოსთვის თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს. რაც შეეხება იმას,რაც ბრძოლის ველზე ხდება, ეს საიდუმლოა.“

რა პრეტენზიები არსებობს Starlink–ის  ტერმინალების მიმართ

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყურადღება მიაქციეს ერთ კანონზომიერებას: კავშირის პრობლემები მას შემდეგ ჩნდება, რაც უკრაინელი სამხედროები ტერიტორიას რუსი ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ და ფრონტის ხაზს გადადიან. ვარაუდობენ, რომ Starlink–ის   წარმომადგენლები ტერმინალებს თიშავენ, რომ მათი ტექნოლოგიების რუსების მიერ გამოყენება აღკვეთონ.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ილონ მასკი უკრაინასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ტვიტერზე რამდენიმე სტატუსი მიუძღვნა უკრაინა–რუსეთის ომს.