Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა და ამჟამად უკვე სოციალური ქსელის Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა, დღეს ორჯერ დაკარგა პირველი ადგილი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში და ფრანგული ჯგუფის LVMH-ის პრეზიდენტის, ბერნარ არნოს შემდეგ აღმოჩნდა.
ოთხშაბათს, გრინვიჩის დროით 15:30-16:30 საათების შუალედში, მასკის ქონების ღირებულება $185,1-185,8 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა , არნოსი კი $185,3-185,7 მილიარდ დოლარს შორის, ამ დროის განმავლობაში არნო ორჯერ გადავიდა პირველ ადგილზე.
მასკი Forbes-ის მილიარდერთა სიის სათავეში პირველად 2021 წლის გაზაფხულზე მოხვდა, როდესაც მისმა ქონებამ 219 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც მან Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, რომლის ქონება Forbes-მა 171 მილიარდ დოლარად შეაფასა.
იმ დროს მესამე ადგილზე ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო იყო. ის სამეულში პირველად 2020 წელს მოხვდა – მას შემდეგ, არნოს ოჯახის ქონება, Forbes-ის მიხედვით, გაორმაგდა – 76-დან 158 მილიარდ დოლარამდე.
LVMH ფრანგული კონგლომერატია, რომელიც ფუფუნების საგნებს აწარმოებს. კომპანია დაარსდა 1987 წელს მოდის სახლის Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის შერწყმის შედეგად და ამჟამად75 ლუქს ბრენდს აერთიანებს. 2021 წელს LVMH აღიარებულ იქნა ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად. ბიზნესს არნოს ოჯახი მართავს.
მასკის „დაცემა“ Tesla-ს აქციების ღირებულების მკვეთრი კლებით აიხსნება, რომელმაც 47%-ზე მეტი დაკარგა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ამ გაზაფხულზე Twitter-ის 44 მილიარდად შესყიდვის შეთავაზება გააკეთა.
ინვესტორებმა აქტიურად დაიწყეს ელექტრო მანქანების მწარმოებლის აქციების მოშორება, იმის შიშით, რომ ახლა მეწარმის მთელი ყურადღება Twitter-ზე გადაინაცვლებს.
გრინვიჩის დროით საღამოს 19:00 საათისთვის მასკმა ლიდერობა დაიბრუნა–მისი ქონება 185,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, არნოსი – 184,7 მილიარდ დოლარად. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზეა ინდოელი მილიარდერი გაუტამა ადანი 134,8 მილიარდი დოლარით. რეიტინგის განახლება რეალურ დროში ხდება.