“ვუმასპინძლეთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს, უფრო მეტად შეზღუდული კრიტერიუმებით. იმაზე მეტი ვითმინეთ ვიდრე ვალდებულება გვქონდა”- ამის შესახებ, კლუბ KHIDI-ის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი, სოციალურ ქსელში წერს რითიც, კლუბის დალუქვას ეხმაურება.
“დღეს ახალი პრეცედენტი მოხდა – პირველ დაჯარიმებასთან ერთად, პირდაპირ დაგვლუქეს. თითქმის ორი წელია გაჩერებულები ვართ, მოწესრიგებულად ველოდებით მუშაობის უფლების მიღებას, ვერთვებით საპილოტე კვლევით ღონისძიებებში, იმისთვის რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება ჩვენს სივრცეებში. შემოიღეს მწვანე პასპორტის სისტემა, ჩვენ კვლავ არ აღმოვჩნდით გასახსნელ სიაში. 3 დეკემბერს გავხსენით კარი და ვუმასპინძლეთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს, უფრო მეტად შეზღუდული კრიტერიუმებით, ვიდრე თავად დაადგინეს საქვეყნოდ. დღევანდელი დალუქვის ერთადერთი მიზანი ჩვენი დასჯა, შეშინება და სამომავლო სიგნალია. – საკლუბო ფილოსოფია და კულტურა თავისუფლებაზეა დაფუძნებული, მსგავსი პრეცედენტები აქ არ გაგივათ. მოგიწოდებთ დროულად მოგვიხსნათ ლუქი და მოგვცეთ მუშაობის საშუალება სხვა კლუბებთან ერთად. იმაზე მეტი ვითმინეთ ვიდრე ვალდებულება გვქონდა, მითუმეტეს იმის პარალელურად, როცა ქვეყანაში სრული განუკითხაობაა.” – წერს თამუნა აქსანდერი.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს კლუბი KHIDI თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ ყველა წესის დაცვით გაიხსნა რის შემდეგაც ისინი შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა. ტერიტორიის დასაცლელად კლუბის ხელმძღვანელებს კონკრეტული ვადა მისცეს რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ ტერიტორიის დაცლის გადაწყვეტილება მიიღეს და განაცხადეს, რომ აღნშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
რამდენიმე საათის წინ, კლუბმა განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ KHIDI ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე კლუბს ტოვებენ. ისინი პასუხისმგებელ პირებს გონივრულ ვადას აძლევენ, რომ კლუბის მუშაობა დაუშვან და აცხადებენ რომ სხვა შემთხვევაში მათგან მიიღებენ “მხოლოდ წინააღმდეგობას”.