საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს პოლიციის დღე მიულოცა.
გახარიას თქმით, ფორმიანი ადამიანის ქცევის მოდელი სახელმწიფოს მოდელია, ხოლო ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს პოლიციელის საშუალებით.
“ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი”,- განაცხადა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ღირსება, რომ ემსახურო ქვეყანას და დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა.
“ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ მშვიდობის პირობებში, იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.