საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.
“ინტერპრესნიუსთან” ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი აღნიშნავს, ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში დაწყებული პროცესი, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორის არსებული სამსახურის გაუქმებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.
მისივე თქმით, ამ ფაქტის გამო იმედგაცრუებულები არიან.
“ვინაიდან შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რომ საკანონმდებლო წესით გაუმჯობესდეს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეკისრება, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა”. – განაცხადა რუისმა.