იმედზე გავიდა მასალა იმის შესახებ, რომ იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია – მელაძე

ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ეხმიანება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგეგმება მისი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია.

ნოდარ მელაძეს აინტერესებს, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება.

“გუშინ, “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ვრცელი მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია. მაინტერესებს, საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის იყო თუ არა გონივრული ვადა დღეს დილამდე ან ახლა, რომ დაეწყო გამოძიება მისი ქვეყნის მოქალაქის შესაძლოა ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით. სამთავრობო მედიის ეთერში ასეთი მასალები შემთხვევით არ ხვდება.

ცალკე თემაა, რომ ასეთი მასალების ტირაჟირებით, თან ისე რომ მეორე მხარის პასუხიც არ არის, ჩვენი ოჯახის წევრები რა დღეში არიან და დედაჩემი რა დღეში არის ამ წუთებში. მათ ამის პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, ბოლომდე უნდათ, რომ გაანადგურონ ადამიანი, რომელიც არის რეპორტიორი და პატიოსნად ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, რომ წავიდეს, გამოიძიოს, მოიკვლიოს ინფორმაცია და გააშუქოს. ეს არის ჟურნალისტის მოვალეობა”,– თქვა მან მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ.