“ღალატი – ქართული ფენომენი
30 წელი ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ. იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს, იმ იმედით, რომ აი, ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ის, რომ ადამიანი, მოქალაქე იქნება დაცული, თუმცა…
უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად. და შემდეგ, ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტკინებულები და განაბულები მისი სასაკლაოზე გაყვანის ფინალური სერიის მოლოდინში შევცქერით სისხლიან დასასრულს.
ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო, ღალატის, რომელშიც მისი გარემოცვა და მტრები თანაბრად მონაწილეობდნენ. მაშინ საღმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, პრეზიდენტი მოვკალით! დიახ, ყველამ ერთად მოვკალით, მიუხედავად მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა, ის მოკლა ღალატმა, რომელიც პროცესების თანმხლები იყო, როგორც ქართული ფენომენი.
სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში, ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.
არაბული ანდაზაა, ის , რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი მეორედ მოხდეს, და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდებაო. მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს, თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება, ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს…
უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება!
იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, “არაფერი არს დამალული რაც არ გამჟღავნდების”.
დავფიქრდეთ ყველა, დავსვათ წერტილი, დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ რთულ და ქვეყნისთვის უამრავი გამოწვევების სავსე დროს. მერე გვიან იქნება, მერე ვეღარ გავაჩერებთ ზვავს, რომელიც წაგვლეკავს, ეს კი ის სცენარია, რომელიც აწყობს ჩვენს მტერს!
გონს მოვიდეთ!
დავამარცხოთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ!”
წერს სოციალურ ქსელში ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.