იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ პარლამენტის ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა – ზარქუა

“იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ პარლამენტის ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დამნაშავე ვართ ყველა, ერიც და ბერიც, – მე ვთქვი ეს. აქ გამართლება არავის არ აქვს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, ერთი მხრივ, იმ 6-დღიანი მარათონის ჩამტარებლებს და მეორე – იმათ, ვისაც ჟურნალისტებზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეძლო, რომ დაეცვა, თუმცა, 5 ივლისის თემა, ეს მოხდა დილის 11 საათზე, სადაც „პრაიდი“ არც იყო დაწყებული, სწორედ მაშინ მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, დაკავებულია ადამიანები. იკვეთება ძალადობა, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, მთელი რიგი მუხლებია.

ის, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, დაკავებული აქვთ ტრიბუნა, ობსტრუქციას აწყობენ და ხმაურია, არაფერში წერია. იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ ამ ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა. ეს არის სახელმწიფო და ყველამ პატივი ვცეთ კანონებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სესიის დაწყება, რომელიც 12 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს და მმართველი გუნდის წევრებს სიტყვით გამოსლვის უფლებას არ აძლევენ.