იმედია, ენმ-ს განცხადებები არ არის მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის მომზადება – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების ერთგული უნდა დარჩეს.

მისი თქმით, ენმ-ს წევრები და მათთან დაკავშირებული პირები განცხადებებს აკეთებენ, რომლებიდანაც შთაბეჭდილება რჩება, რომ შეთანხმების ჩაშლისთვის ემზადებიან.

“იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის. ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამარცხდეს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ თუკი ეს მარცხი არის მკაფიო პირველივე ტურში, რისკები რეაქციის ქვეყნისთვის მცირდება. თუ მეორე ტურში ირკვევა ვითარება, მაშინ არ ვიცი ეს პოლიტიკურად არასტაბილური რეჟიმი, როგორ ისტერიულ რეაქციას მისცემს”,- ამბობს ბოკერია პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სრული უპასუხისმგებლობაა, ამ რისკზე წასვლა, როცა სიტუაციის გარკვევის შანსი არსებობს პირველივე ტურში.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ პირველ ტურში საერთო მაჟორიტარები მალე დაასახელონ, პირველ რიგში, თბილისის 8 ოლქში.