იმედია, მოსამართლემ რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო – დეგნანი

“იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რურუას საკითხთან დაკავშირებით, მიიღო დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე”,– ასე გამოეხმაური საქართველოში აშშ–ის ელჩი, კელი დეგნანი გიორგი რურუას 4 წლით დაპატიმრებას.

მისივე თქმით, რურუას დაკავების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.

“იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვჭერით გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება დამოუკიდებლად და სამართლიანად”, – განაცხადა დეგნანმა.

დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.