სენატორი ჯინ შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება დათმობებზე წავა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა დაბრუნდეს.
“შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს “ქართული ოცნება” ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა.
იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, “ენმ”, გაანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში”,– თქვა მან.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებას “ყველაფრის მწყობრში” ყოფნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება.
“პარტიების გადასაწყვეტია თუ რა იქნება მათთვის მისაღები. თუმცა ერთი რამ, რაც ჩემი გუბერნატორობის გამოცდილებიდან ვიცი, და სენატორი რიშიც იყო გუბერნატორი, ისაა, რომ როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერი მწყობრში იყოს. და იმის ნაწილი, რომ საქართველოში დღეს ყველაფერი მწყობრში იყოს, ხალხის პარლამენტში დაბრუნების და შეთანხმების მიღწევაა”,– აღნიშნა შაჰინმა.
მისივე თქმით, აშშ–ს პრეზიდენტი შეშფოთებულია ვითარებით.
“პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. მქონდა შანსი მელაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან. საქართველო რჩება ქვეყანად, რომელსაც ახლოს ვაკვირდებით და გვინდა ვიხილოთ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების რეფორმის კუთხით. ჩვენ როგორც დემოკრატია ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მხარეები დაუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, რადგან ეს ყველას და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესშია”,– თქვა სენატორმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.