იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! – მეუფე ნიკოლოზი სააღდგომო ლიტურგიაზე

,,იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?!” – ასე უპასუხა სააღდგომო ლიტურგიაზე ხალხის დასწრებასთან დაკავშირებულ კითხვას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

როგორც მან აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული.

„მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი.

ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

არქიდიაკონმა დემეტრემ სამების ტაძარში აღდგომის კვირეულის განრიგი გააცნო მრევლს, რის მიხედვითაც ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. პატრიარქი ილია მეორე ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება.