“იმედის“ ინფორმაციით დეპუტატი გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახდება

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მოხდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.

ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს შეცვლის, რომელსაც ეს პოსტი ორჯერ ეკავა – ჯერ 2017 წელს . მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩაიბარა .

მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.

გიორგი ამილახვარი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას მოექცა, რომელსაც მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ ამილახვარმა პასუხისმგებლობა მათ დააკისრა, ვინც მოზარდი უმეთვალყურეოდ გაუშვა ვაკის პარკში.

“ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდათ ბურთი, ეს ბავშვი ალბათ არასრულწლოვანი იყო და არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მისი ჩასვლა არ მოხდეს. ბუნებრივია, შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს – არამხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის. ამაზე ახლა რაიმე პასუხისმგებლობას თხოვთ, ვის?! ამას სერიოზულად მეკითხებით?! ცხადია, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს! იქ სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, არ შეიძლება საერთოდ ბავშვები თამაშობდნენ ბურთს, ასეთი ფაქტი თუ მოხდა, ეს ბუნებრივია ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ ბურთი ჩაუვარდა და თვითონ ჩავიდა იმის ამოსაღებად, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამაზე განმარტება მგონი ზედმეტია“, – განაცხადა ამილახვარმა.

მას შემდეგ, რაც მის განცხადებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა, გიორგი ამილახვარმა ბოდიში მოიხადა.  როგორც დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას მისივე განცხადების კომენტირებისას განმარტა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მას ინფორმაცია არ ჰქონდა რეკონსტრუქციის სტატუსის შესახებ და არც მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

გიორგი ამილახვარის თქმით, განცხადების გაკეთების მომენტისთვის, ის ფიქრობდა, რომ ვაკის პარკში რეკონსტრუქცია ჯერ ისევ მიმდინარეობდა.

„ალბათ, ახლა არავინ არ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა ერთი რამ განვმარტო. თუ რაიმე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო ამისთვის, პირველ რიგში, ჭირისუფალი ოჯახის წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში, რომ ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და იქ მოხდა ეს ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო. უბრალოდ ჩემი განმარტება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, სამშენებლო მოედანზე შესაძლოა, იყოს რაღაც ასეთი რისკები და თუ მეთვალყურეობის გარეშე რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ეს ამბავი ხდება უკვე გახსნილ შადრევანზე და აქ კომენტარი ზედმეტია. არა თუ მწუხარებას გამოვთქვამ, სრულად შეძრული ვარ ჩემი თავითაც, ისე განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ მერე რაც მოჰყვა, ეს ნიაღვარი და ახლაც მიმდინარეობს, სრულიად გაუგონარია, ეს უფრო მაშფოთებს, იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტმაც იცის მე რა კონტექსტში მკითხა და რა კონტექსტში ვუპასუხე და სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ დადგა ის ტრაგიკული ფაქტი, რაც ბავშვის გარდაცვალებას ეხება და ამის შემდეგ ხდება ამ ყველაფრის იმ კონტექსტში ტირაჟირება, როგორც ხდება.

უდაოა, ბუნებრივია, ნებისმიერი პირი, ვინც პასუხისმგებელია ამ ნაწილში, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და კიდევ ერთხელ მინდა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მოვუხადო ბოდიში, ვინაიდან მსგავსი არასდროს არაფერი მიგულისხმია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს. განვიცდი, თქვენც ბოდიშს გიხდით, კოლეგებო, საზოგადოებას და ჭირისუფლის ოჯახს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.