მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას განგრძობს, ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს „მცირე შანსი“, რომ ომი თავიდან იქნას აცილებული და კრიზისი დიპლომატიური გზებით გადაწყდეს.
„ერთის მხრივ, პუტინი რიტორიკულ ხრიკებს გზავნის დასავლეთისკენ, მეორეს მხრივ, კი მან ღიად დატოვა საკითხები, რომელზეც საუბრის გაგრძელება შესაძლებელია,“ – ამბობს ყოფილი დიპლომატი, ჯეფ რატკე.
რატკე გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც ამ დროისთვის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, თანამედროვე გერმანულ სწავლებათა ამერიკული ინსტიტუტის პრეზიდენტია. როგორც ის ამბობს, „ფრთხილი ოპტიმიზმის“ საფუძველი მას პუტინის 2 თებერვალს გაკეთებულმა განცხადებამ შეუქმნა. მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტი უნგრელ კოლეგას მასპინძლობდა.
რატკეს თქმით, დასავლეთის მიზანი სულ იყო და არის დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა და პრობლემების დიალოგით გადაჭრა. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ თუ რუსეთს სურს, მოლაპარაკებების კარი ბრიუსელსა და ვაშინგტონში ღიაა.
„ჩვენ ისეთები ვართ როგორიც ვიყავით, იქ ვართ, სადაც რამდენიმე კვირის წინ. პუტინის არჩევანია, რას იზამს. ერთის მხრივ ის ტოვებს მოლაპარაკებების შანსს, მეორეს მხრივ კი არ ამცირებს მძაფრ რიტორიკას,“ – ამბობს რატკე.
რიტორიკის მიღმა ქმედებებიცაა. რუსეთი ბოლო კვირების მსგავსად, უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას განაგრძობს. სატელიტური ფოტოებით და დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ამ დროისთვის მეზობელი ქვეყნის საზღვართან 120 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. გრძელდება სხვადასხვაა სახის სამხედრო წვრთნებიც. ცოტა ხნის წინ მინსკმა და მოსკოვმა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ერთობლივი წვრთნები დაიწყეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ,პუტინი გეგმავს, რომ უკრაინის საზღვართან საერთო ჯამში 170 000 სამხედრო მოსამსახურეს და შესაბამისი რაოდენობის მძიმე ტექნიკას მოუყაროს თავი. დასავლეთის მზარდი შეშფოთების პარალელურად, მოსკოვი ამტკიცებს, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ.
თებერვლის დასაწყისში, მაშინ როცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განახლებული მონაცემები წარმოადგინა, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ამ დროისთვის რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის აუცილებელი რაოდენობის სამხედრო შენაერთები მობილიზებული არ ჰყავს. კიევში ამბობენ, რომ მოსკოვს ამ დრომდე არ ჰყავს საჭირო რაზმები ბელარუსის ტერიტორიაზეც, საიდანაც ერთ-ერთი სცენარით, მოსკოვმა უკრაინაზე იერიში შეიძლება მიიტანოს.
იანვრის ბოლოს, თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბელარუსში ამ დროისთვის 5 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე და შესაბამისი რაოდენობის ტექნიკაა მობილიზებული. ბაიდენის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ბელარუსში სამხედრო კონტინგენტს კიდევ გაზრდის. მოგვიანებით, ნატოს ინფორმაციით გაირკვა, რომ მოსკოვი ბელარუსში 30 000-იან შემადგენლობის გაგზავნას გეგმავს. თავად რუსეთი ამ დრომდე დუმს და არ აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას, თუ ზუსტად რამდენი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ბელარუსში.
დასავლეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთს უკრაინაზე სწრაფი შეტევის დაწყება შეუძლია, რის გამოც უკრაინა ვაშინგტონისგან და სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან თავდაცვისთვის სჭირო სამხედრო დახმარებას იღებს. პარალელურად დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა ახალი ერთობის შექმნაზე საუბრობენ. ამ მხრივ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი კიევში უკვე გაიმართა.
რეგიონში მზარდი დააბულობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთის ფლანგს აძლიერებს და ბალტიის ქვეყნებში შეიარაღებას ზრდის. რეგიონში ნატომ უკვე შეიყვანა ავიაგამანადგურებლები, სამხედრო ხომალდები და დამატებითი სამხედრო მოსამსახურეები.
ნატო აგრძელებს სამომავლო სტრატეგიაზე მუშაობასაც. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა ალიანსისთვის რუსეთი და ჩინეთი იქნება. სწორედ ამიტომ, ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები ორგანიზაციის პრიორიტეტების განსაზღვარაზე მუშაობენ.
პროცესში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატებიც. პრეზიდენტი ბაიდენი, რომელიც ამერიკულ დაზვერვაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას თებერვალში დაიწყებს, აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელ სამხედროებს გზავნის.
პენტაგონმა ცოტა ხნის წინ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 3000 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა. სამხედროების ნაწილი უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე.
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი ემუქრება. როგორც დასავლეთში ამბობენ, ახალი სანქციები რუსულ ეკონომიკას „გაანადგურებს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ, რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ “მკაცრი დიპლომატია მუშაობს”. კიევში, სადაც გასული წლის ბოლოს ამბობდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვარში აპირებდა, დღეს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის მკაცრმა პოზიციამ და ქმედებებმა კრემლის ნაბიჯები შეანელა და არსებობს შანსი, რომ კრიზისი დიპლომატიურად გადაიჭრას.
ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მაღალი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა. კიევს სტუმრობდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც. გარდა ამისა უკრაინაში იმყოფებოდნენ დელეგაციები პოლონეთიდან და მთლიანად ევროკავშირიდან. მომავალ კვირაში უკრაინაში სააფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩადის, შემდეგ კი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
მანამდე უკრაინაში იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა და კიდევ ერთხელ დააადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი. პარალელურად, როგორც ბრიუსელში ასევე ვაშინგტონში, ერთობლივ სანქციებზე მუშაობენ.
დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთისთვის გამზადებული სანქციების პაკეტი მოიცავს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას. ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ შესაძლოა სანქციები პუტინის ახლო წრეს და თავად რუსეთის პრეზიდენტსაც შეეხოს. ეკონომიკური სანქციები ექსპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
წყარო: ამერიკის ხმა