“იმედი” აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის გამო მათ ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვიან

ტელეკომპანია ”იმედი” განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ   მათი თანამშრომლები ოპოზიციური მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბულინგის ობიექტები ხდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

”ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებზე ზეწოლა და მათი ბულინგი რადიკალური ოპოზიციის და მათთან აფილირებული მედია და NGO ორგანიზაციების მხრიდან ყველანაირ ზღვარს სცდება.

არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, მათთვის მონების ძახილი, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მათი ფოტოების გაკვრა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვა და პირადი ცხოვრების მათ მიერვე გამოგონილი ისტორიებით შანტაჟი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ბოლშევიკური მეთოდებით განსხვავებულ აზრთან ბრძოლა. და ამ ქცევას საერთო არაფერი აქვს არც დასავლურ დემოკრატიასთან და არც ცივილიზებულ სამყაროსთან.

რევანშისტული პოლიტიკური ძალა, ამას ახლა ოპოზიციური ფლანგიდან აკეთებს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულის გამოყენებით, ისევ ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. იმის მიუხედავად, რომ ეს ძალა ფლობს და აკონტროლებს 4 ტელევიზიას და არაერთ ონლაინ მედიაპლატფორმას, მიყვება გზას, რომელიც 2 ათეული წლის წინ აირჩია – ისევ თავს ესხმის ტელეკომპანია „იმედს“ და „იმედის“ თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო სექტორი, წლებია დაშორდა მთავარ მიზანს – აღარსად ჩანს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა, რადგან ახლა მათი მთავარი საქმე პოლიტიკური საქმიანობაა და არა ადამიანი.

ეს რომ სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებული და დაფინანსებული კამპანიაა და არა საზოგადოების განწყობა – ამაზე მეტყველებს ის ნდობა და რეიტინგი, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ ჰქონდა და აქვს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით.

მოგმართავთ, საქართველოში აკრედიტებული, დემოკრატიული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს – ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ შეტევას და კარგად ორგანიზებულ კამპანიას.” – ნათქვამია განცხადებაში.