თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ, – აღნიშნული სიტყვები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
„სრული იგნორია. ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი მოქმედება, რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, ან პრესცენტრს დამაკავშირებდნენ, მაგრამ სრული იგნორია. თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია, ალბათ. გულგრილი ადამიანია ალბათ, მე უფრო გულკეთილი, თანამგრძნობი ადამიანი მეგონა და შევცდი, სამწუხაროდ“, – აცხადებს თამაზაშვილი.
კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, როცა ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, გაიჟღერა თუ არა ვერსიამ იმის შესახებ, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, 3 მაღალჩინოსანი ფიგურირებდეს, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ უწყებას თავად მოუყვა.
„ეს მე გავაჟღერე იქ და მითხრეს, ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევიაო, გამომძიებლის ოთახს ვინც ალაგებს, იმ დამლაგებელსაც აქვს ვერსიის ქონის უფლებაო და ამ დროს, მეორე დღეს დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. მაშინ, რაღატომ დაიბარეს, თუ ყველას აქვს ვერსიის ქონის უფლება? ამ ვერსიამ ჩემი ინტუიცია გაამყარა, თუმცა, მე ერთ ადამიანზე ვფიქრობდი და 3 აღმოჩნდა, ეს უკვე ჯგუფურ მკვლელობაზე მიანიშნებს. 3 მაღალჩინოსანი ადამიანი გაერთიანდა 40 კილო გოგონას წინააღმდეგ, რომელიც შემთხვევით რაღაცას წააწყდა“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.