უმრავლესობას იმედი ჰქონდა შანტაჟი იმოქმედებდა ოპოზიციაზე, დაფინანსება არ მოგვიხსნანო და შევარდებოდნენ პარლამენტში, ეს არ მოხდა ახლა უნდათ, საკითხი გაწელონ და შეეცადონ ოპოზიციის „მორჯულებას“ – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს უნდა გაუგზავნონ.
„ამ საკითხებზე რიტორიკა დაიწყო ვაჭრობის გახსნის მოტივით, უფრო პოლიტიკური მოტივი ჰქონდათ, ვიდრე სამართლებრივი და შანტაჟის სუნი ასდიოდა. რადგანაც ამან მოკლე ვადაში არ იმოქმედა და პოლიტიკური ამოცანა ვერ შესრულდა, უკან წაღება არ უნდათ ამ ყველაფრის და ამიტომ უფრო გაწელვაზე ფიქრობენ, რომ როგორმე გაახანგრძლივონ ეს საკითხი. მათ იმედი ჰქონდათ, ალბათ, რომ ამ ტიპის შანტაჟი მეყსეულად იმოქმედებდა ოპოზიციაზე, დაფინანსება არ მოგვიხსნანო და შევარდებოდნენ პარლამენტში, რადგანაც ეს არ მოხდა ახლა უნდათ, რომ ეს საკითხი გაწელონ და შეეცადონ საერთო ოპოზიციის „მორჯულებას“. ვფიქრობ, რომ კანონპროექტები რომლის უკანაც დევს პერსონალური ინტერესი, ან პოლიტიკური შანტაჟის ინტერესი, ასეთი კანონპროექტების ინიცირება საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.