‘იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ეს არხი ზაზა ოქუაშვილის სახით ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში!” – მთავარი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას თქმით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, მთავარი არხი დახუროს.
”იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული, ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან, მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად თვითონაც ჩაერთოს ქართული ოცნების წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით, თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს.
იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს დღეს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი.
ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორისა და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით, ერთადერთი ამოცანით – რომ ხსენებულ დამფუძნებელს არხზე ჰქონოდა ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად. თორემ, სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს თავისი არხის თანამშრომლებს. აიგნორებს მათ თხოვნას, რომ უბრალოდ შეხვდეს მაინც მათ. და საერთოდ, არც კი დადის სამსახურში.
ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით ნამდვილად აკეთებს არის, ის რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე – მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს, მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს. მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს საერთოდ არ აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც დამფუძნებელი და როგორც დირექტორი, პასუხისმგებლები არიან კომპანიის თანამშრომლებზე, ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით მთავარი არხი უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც საბოლოოდ არხის მუშაობას უბრალოდ შეუძლებელს გახდის. ეს კი ზუსტად ის, არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.
თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად ოქუაშვილი გვიყენებს ჩვენ ისეთ აბსურდულ, გამოგონილ ბრალდებებს, რომლებსაც განხილვის ღირსადაც არ ვთვლი. იმდენად შორს წავიდნენ თავიანთ სიცრუეში, რომ ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვმფარველობს და ოლიგარქთან ვართ გარიგებული და ამას თურმე თვითონ ვეუბნებით ხოლმე ქურდაძეს და ამას თათბირებზე ვაცხადებთ, ხოლმე თურმე რომ არ შეგეშინდეთ ხალხო, ჩვენ ბიძინა გვმფარველობს და რაც გვინდა, შეგვიძლია ის ვაკეთოთ.
სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია და ზუსტად პირიქით არის. თუ დღეს ვინმე მთავარ არხზე აკეთებს ქართული ოცნების საქმეს, ეს არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს მთავარი არხი დახურვამდე. არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას სწორედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს. როგორც იცით, ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით – სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება მთავარი არხით მანიპულირება. ქართულ ოცნებასთან გარიგება მითუმეტეს ოქუაშვილის მხრიდან სიახლე საერთოდ არ არის. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა შარშან მისცეს ხმა ოცნებისთვის სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისულფებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად, ჰოი საოცრებავ, სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ.
ჩვენ, აი ამ გუნდს, აი ამ ადამიანებს, ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს არხი ზაზა ოქუაშვილის სახით ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის. მთავარი ხართ თქვენ, ეს ყოველთვის ასე იყო, და ჩვენთვის მთავარია ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი.
და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ვიდგებით ბოლომდე. ”- განაცხადა გაბუნიამ.