დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ საზოგადოების ნახევარი პირბადეს არ ატარებს.
“ჩვენ შეიძლება ყველაფერზე ვილაპარაკოთ, რომ საინფორმაციო კამპანიაა გასაძლიერებელი… კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, ახლობელი მოუკვდება, ნათესავი რომ მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა იმას, “რომ ნიღაბი გაიკეთე, ძალიან გთხოვ”? რამდენჯერ უნდა ვუთხრა? ყველგან, ტელევიზორს ჩართავთ თუ რადიო იქნება, ყველგან ხო ერთი და იგივეს ვამბობთ? გამოდიან ჩემი კოლეგები და ამას ამბობენ… ჩვენი საზოგადოების ნახევარი არ ატარებს პირბადეს”,– ამბობს იმნაძე პირველი არხის ეთერში.
მისივე განცხადებით, სააღდგომო პროგნოზი ძალიან ცუდია.
“სამწუხაროდ, ჩვენ მაისის 1-2 კვირა ძალიან მძიმე გვექნება. შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, პირბადეს რამდენად გავიკეთებთ, სუფრებს თავს ავარიდებთ, საფლავებზე ქეიფებს არ მოვაწყობთ, აი, ამაზე იქნება დამოკიდებული, ვთქვათ, რომ შედარებით ნაკლები მსხვერპლით გავივლით მაისის თვეს თუ სამწუხაროდ… ჩვენ ეს ხომ გავლილი გვაქვს უკვე, ჩვენ ხომ ნოემბერი გვქონდა?! ნოემბრის ბოლო და დეკემბერი ხომ რა ხდებოდა ქვეყანაში, იგივე შეიძლება დაგვემართო”,– აღნიშნა იმნაძემ.