დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმი “თითქმის 100%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან”.
“სინოფარმი გამოიყენება მათ შორის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რეგისტრირებულია უნგრეთსა და სერბეთში და ფართოდ გამოიყენება. მხოლოდ სერბეთში უკვე 2 მილიონი დოზაა გამოყენებული. აღარ ვლაპარაკობ იმ 200 მილიონ დოზაზე, რომელიც თავად ჩინეთში გამოიყენეს. ვაქცინა არის საკმაოდ მაღალეფექტიანი – 79% არის სიმპტომური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტი. თითქმის 100%-მდე ადის ის შემთხვევა, როცა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან”,- განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 20:00 საათიდან 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს სინოფარმით აცრისთვის რეგისტრაცია შეეძლება.
ჩინურ ვაქცინა სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. მის ავტორიზაციაზე WHO-მ გუშინ იმსჯელა, 29 აპრილს კი გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას სინოფარმის ავტორიზაციასთან დაკავშირებით.