იმ კაცმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, რომ არ გადავშენებულვართ ქართველები, ჩვენში თავისუფლების სიყვარული ძგერს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ სახლში დავტოვეთ დღეს ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტიის წევრები ვართ ყველა. ეს პარტია არის ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს, შეუპოვრობაც ღირს და აქ დგომაც.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა არ იციან, როგორი იყო უშუქო საქართველო და ახლა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდებოდეს პატიოსნად. ჩვენ გვინდა ისეთი არჩევნები, სადაც მეორე დღეს დამარცხებული იტყვის, რომ დამარცხდა და გამარჯვებულს მიულოცავს, გამარჯვებული გამოვა, გაამხნევებს დამარცხებულს და იტყვის, რომ მოდი ერთად გადავხვიოთ ხელი და უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ და ვიშრომოთო. ასეთი საქართველო გვინდა, პატიოსანი არჩევნები გვინდა საქართველოში და მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ გაყალბებული არჩევნები. დაივიწყონ თავად ცნება არჩევნების გაყალებების, ეს გვაწვალებს, ამიტომ ვდგავართ ჩვენ აქ, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ, რომ შინაარსი ჰქონდეს ამ არჩევნებს. სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ ფეხი არ მოვიცვალოთ ამ ბრძოლისგან, მხნედ და შეუპოვრად ვიდგეთ ყველა,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.