”ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი. “რათ გვინდა გოსპიტალი და სამხედრო ბაზები ჩვენაო, ბაზარი და სტალინის ძეგლი გვინდაო” რომ მეუბნებოდით. ძლივს დაუბრუნა ჰოსპიტალმა ქალაქს სიცოცხლე და პოლიტიკური მნიშვნელობა. დაიწყება ეხლა ჰოსპიტალის შესასვლელთან ჟურნალისტების ჩართვები ადგილობრივებიან “ალჯაზირა-სიენებებიანათ”, მოაწყდება ქალაქს ათასი შპიონი, ნასედკა თუ ფორმიანი, ოჯახებიანათ თუ არა თანაშემწეებიანად კვირაში ორჯერ მაინც გესტუმრებიან “თალკომდინხუები” (თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე, ხუნდაძეები), მაგათ დაუმატეთ ექიმები, ექსპერტები, საელჩოები, ნაცები, კაი ბიჭები, რუსების აგენტურა და მრავალი სხვა. გადაივსება რესტორნები და მაღაზიები, ბაზარში მოიმატებს მუშტარი და გაყიდული პროდუქტი. ხაზარაძეც ერთი-ორ ვალუტნი ბუტკას ჩადგავს იქვე ჰოსპიტალის შესასვლელთან. მიშა იქიდანაც ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, რომ ბათუმის, თბილისის, ზუგდიდის და დანარჩენი სამყაროს ყურადღება სულ გორისკენ იქნება.
ქალაქში დროდადრო ცირკის დათვივით ხინჩეგაანთ ლადოს და ტრუსიკმაიკიან და ბოქსის ფელჩატკებიან კანდელაკს ჩამოატარებთ ხოლმე და ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვების რიგები დადგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შურით გასკდებიან კასპელები და ხაშურელები.
ინდე თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის რომ გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი. არადა რაც მე მაგ ჰოსპიტალის მშენებლობაზე კასპის ცემენტის და საჩხერის ქვიშის მტვერი მაქვს ნასუნთქი.”
წერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, რითიც, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ეხმაურება.