ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა

უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს. როგორც გამოცემა Times of India წერს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასურსათო უვნებლობისა და მეზობელი, ასევე საჭიროების მქონე სახელმწიფოების დახმარების მიზნით მიიღო.

„ექსპორტი ასევე დაშვებული იქნება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც ინდოეთის მთავრობა სხვა ქვეყნების მიმართ გასცემს, მათი სასურსათო უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, – ნათქვამია მთავრობის ბრძანებულებაში.

ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და წარმოებული ხორბლის უმეტეს ნაწილს ქვეყნის შიგნით მოიხმარენ.

სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური კომპანიის, Gro Intelligence-ის მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი ერთად ხორბლის გლობალური წარმოების დაახლოებით 14%-ზე არიან პასუხისმგებელი.