საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩევას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არის ქართული ოცნების მცდელობა, რომ გადაფაროს საქართველოში არსებული “უბედურება”.
“ის რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, არის მცდელობა, გადაფარონ ის უბედურება რაც ხდება საქართველოში, სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად – ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს.
მე მინდა ვუთხრა ბატონ ივერის და მთლიან საქართველოს: სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველო დაიწყებს წინ მოძრაობას დიდი ტემპით და ვერავინ შეძლებს, შექმნას ქაოსი და არეულობა, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით დემოკრატიული გზით. ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და მანიპულაცია”. – თქვა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ-მიმართვაში.
დღეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.