ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჩკორი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ აქტიურად ერთვება ქართულ ტელეეთერებში და საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც ქართულ აუდიტორიას მუდმივად აწვდის ინფორმაციას და რჩევებს. ის The Mount Sinai Hospital–ში მუშაობს და კოლეგებთან ერთად კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს. გთავაზობთ მის ბოლო რჩევებს, რომლებიც ექიმმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:
“რაც ეს ეპიდემია დაიწყო, ყოველ დღე ვესაუბრები უამრავ უცნობ ადამიანს. ვცდილობ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო მათ კითხვებს და დავეხმარო დაავადების სახლში მართვაში (თუ ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ). ძალიან ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როცა თვითნებურად ღებულობენ სხვა და სხვა ანტიბიოტიკებს, განსაკუთებით კი ორი ცნობილი ანტიბიოტიკის კომბინაციას (სახელებს შეგნებულად არ ვწერ, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს მიღების სურვილი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას!
კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული ან მართვით სუნთქვაზე. სხვა შემთხვევაში არანაირ მედიკამენტს არ ვიყენებთ! მეტიც, ორივე ამ ცნობილ წამალს ახასიათებთ ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის სიკვდილის რისკის შემცველი არითმია, ეგრეთ წოდებული პარკუჭოვანი ფიბრილაცია.
არ მიიღოთ ეს წამლები ექიმის ნებართვის გარეშე, გთხოვთ!
ჩემს კოლეგებს კი ვთხოვდი ნუ გამოწერთ ამ წამლებს სახლის პირობებში.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსუბუქ ფორმებს არ სჭირდება არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.
ასეთი ფორმების მართვის მთავარი პრინციპებია:
1. აღრიცხეთ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღე.
2. ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და ყოველი ახალი სიმტომის გამოვლენა ასევე აღნიშნეთ (ეს ექიმს დაეხმარება დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში).
3. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.
4. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად, რამდენადაც მოახერხებთ. დაავადებას ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა და შეიძლება კვება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის რომ ელექტროლიტური. ბალანსი არ დაირღვეს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს.
5. თუ საშუალება გაქვთ იზოლაციის პირობების დაცვით, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე (ეზოში ან აივანზე, ნუ ისეირნებთ იქ სადაც სხვები სეირნობენ).
6. ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს განსაკუთებით იმათ ეხება ვისაც ხველა ან სუნთვის უკმარისობა აქვს გამოხატული. მუცელზე ძილი (ეგრეთ წოდებული ფრონინგი) წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად. ფრონინგი არაა რეკომდენირებული სიმსუქნით დაავადებულებისთვის. ამ ჯგუფში ხშირად, უარყოფით შედეგსაც კი ვღებულობთ.
7. ასევე, სუნთქვის უკმარისობის მქონეთ შეგიძლიათ მარტივი მეთოდებით ავარჯიშოთ ფილტვები რომ აერაცია სრულფასოვანი იყოს ყველგან. არსებობს მარტივი მოწყობილობა incentive spirometer (ქართულადაც მგონი სპირომეტრი ჰქვია) და ავარჯიშეთ ფილტვები ამის გამოყენებით. ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება. თუ სპირომეტრი არ გაქვთ შეგიძლიათ ჩვეულებრივი გასაბერი ბურთი ან ბუშტი გამოიყენოთ და ბეროთ დღეში რამდენჯერმე (რაც მეტი მით უკეთესი). დაავადებას ახასიათებს ძლიერი, ზოგადი სისუსტე, მაგრამ შეეცადეთ ფილტვების კარგი აერაცია როგორღაც უზრუნველყოთ.
8. სასურველია შეიძინოთ პულსოქიმეტრი. ძალიან მარტივი, თითზე წამოსაცვამი მოწყობილობაა. ასევე იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში. ამით შეძლებთ სისხლში ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგს. მაჩვენებლები გაუზიარეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლინიკური მონაცემების დაჯამება საშუალებას მისცემს თქვენს ექიმს გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. თუ პულსოქსიმეტრი არ გაქვთ დარდს ნუ მიეცემით, გამოცდილი ექიმი ამის გარეშეც მიიღებს სწორ დაგაწყვეტილებას.
8. ტემპერატურის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტალინოლი, თუმცა ისიც იცოდეთ რომ შეიძლება სრულად კონტროლი ვერ მოხერხდეს. ეს საშიში არაა, ტალინოლი უფრო იმისთვისაა საჭირომ რომ დისკომფორტი შეიმსუბუქოთ.
9. არ დაგავიწყდეთ ქრონიკული დაავადებების მკაცრი კონტროლი. განსაკუთრებით დიაბეტის იდეალური მართვაა აუცილებელი.
10. ეცადეთ დაავადების პერიოდში არ დაიწყოთ რამე ახალი პრეპარატი სხვა დაავადების სამართავად თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
11. დაისვენეთ ბევრი, ეცადეთ განიტვირთოთ და ნუ ჩაეჭიდებით ნეგატიურ ინფორმაციას.
12. სასურველია არ მისდიოთ არაექიმი მეზობლების, მეგობრების, ბიცოლების და მამიდების რეკომენდაციებს. აირჩიეთ ერთი ექიმი ვისაც ენდობით და მოუსმინეთ მას. ბევრ წყაროზე დამოკიდებულება შეცდომების ალბათობას ზრდის.
13. ნუ დაეყრდნობით არაოფიციალურ წყაროებს. ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებითაც კი.
14. არავითარი სპორტი და დიეტები ავადობის დროს. სხეულის გალამაზებას დაავადების გადავლის შემდეგაც მოასწრებთ.
15. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ავადობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაცრი იზოლაციის დაცვა. ასევე აუცილებელია კარანტინის პირობების დაცვა სიმპტომების გაქრობის შემდგომ პერიოდში.
16. და ისევ, ნუ მკურნალობთ თვითნებურად მედიკამენტებით. ეს სიცოცხლისთვის საშიშია!!!
ვეცდები შეძლებისდაგვარად ვუპასუხო ყველა წერილს. გთხოვთ იყავით ლაკონურები კითხვებში. ეს დროს დამიზოგავს და მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებ. აქვე გთხოვთ, არასამედიცინო კითხვებს და თხონებს ეხლა ნუ გამომიგზავნით. ამის დროც მოვა და ყველაფერს გავაკეთებ რომ ყველას გიპასუხოთ რეზიდენტურასთან, სტაჟირებასთან და სხვა არასამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ეხლა უბრალოდ შეუძლებელია, ჩემს მდგომარებაში, დღეში ათეულობით წერილის პასუხი და ამასობაში არ მინდა გამომრჩეს ისინი ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.
სანამ სიტუაცია გამოსწორდება, დარჩით სახლში, დაიცავით საკუთარი თავი და ამით გადაარჩენთ უამრავ სიცოცხლეს.
ხშირად მწერენ, რომ მე და ჩემი კოლეგები გმირები ვართ. ვერ დავეთანხმები ამაში ვერაფრით. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. როცა ამ პროფესიას ვირჩევთ, ჩვენ ვიცით რომ ის რისკებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვალდებულები ვართ ასეთ დროს ვიყოთ თქვენს გვერდით.
ნამდვილი გმირები არიან ის ადამიანები ვისაც სრულად აქვს გაცნობიერებული სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვით უფრთხილდებიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ხშირად საარსებო წყაროს დაკარგვის ფასად.
და ბოლოს, ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს. ყველანი ერთად გამოვალთ აქედან მეტი ცოდნით, მეტი გამოცდილებით და ახალი ფასეულობებით.