ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ კლავს მინსკში სპეცრაზმი აქციის მონაწილეს

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს მინსკში, ანტისახელისუფლო აქციის მონაწილის, ალექსანდრ ტარაიკოვსკის სიკვდილის გარემოებებს. კადრებზე ჩანს, როგორ მიდის ის სპეცრაზმის თანამშრომლებთან მაღლა აწეული ცარიელი ხელებით. მეორე ვიდეოზე დაფიქსირებულია სპეცრაზმის მხრიდან გასროლის მომენტი. მანამდე ბელორუსის შსს აცხადებდა, რომ დემონსტრანტი სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა: თითქოს მას ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლის სროლასაც სპეცრაზმის მიმართულებით აპირებდა. ალექსანდრ ტარაიკოვსკი საპროტესტო აქციების ერთადერთი მსხვერპლი არ არის. კიდევ ერთი მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის ძალოვანებმა დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უკვე ექვსი დღეა ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. აქციების პირველ დღეებში სპეცრაზმი დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდა და 7 ათასამდე ადამიანი დააკავა, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ამას მთელი ბელორუსის მაშტაბით მასობრივი აქციები და გაფიცვები მოჰყვა. ხალხი ძალადობის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა. ისინი ამბობენ, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ევროკავშირი, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე მუშაობს.