სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში, სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.” – აცხადებს უწყება