ინფიცირების შემთხვევები ორივე ფილიალში დადასტურდა, კონტაქტები კარანტინში არიან – საკონდიტრო “დონა”

საკონდიტრო დონა ფეისბუქპოსტით კორონავირუსის დღეს დადასტურებულ 38 ახალ შემთხვევას გამოეხმაურა, რომლიდანაც 22 დონას თანამშრომელი აღმოჩნდა.

„კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია „დონას“ განცხადებაში.