თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა, 78 კი თბილისში.
“თბილისში არის 78 შემთხვევა, იმერეთში – 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, გურიაში – 6, შიდა ქართლში – 6, ქვემო ქართლში – 2, კახეთში – 3, მცხეთა მთიანეთში – 2, სამცხე ჯავახეთში კი – 1”,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 38-ის მდგომარეობა მძიმეა, 36 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
ექიმი ფიქრობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების მატება “რაღაც ეტაპზე შეჩერდება”.
“ჯერჯერობით ეს ის პერიოდია, როცა მათი კონტაქტები გამოვლინდებიან და არის მატება, მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაც ეტაპზე შეჩერდება ეს. კლინიკები აბსოლუტურად მზადყოფნაში არიან”. – თქვა ენდელაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.