ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
“ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და, შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 276.