ინფიცირებული სასულიერო პირის დისგან 5 ექთანი, 2 ექიმი და 2 პაციენტი დაინფიცირდა – მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი გაჭახიძის თქმით, მის კლინიკაში 9 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირეული. 5 ექთანი, 2 ექიმი და 2 პოსტოპერაციული პაციენტი სასულიერო პირის დისგან დაინფიცირდნენ, რომელიც კლინიკაში ექთნად მუშაობს.

,,5 ექთანი არის ჩვენთან ინფიცირებული, 2 ექიმი და 2 პაციენტი. ეს არის ორი პოსტოპერაციული პაციენტი, რომელიც ჩვენთან იყვნენ, ჩაუტარდათ მას კარდიოქირურგიული პროცედურები და გადიოდნენ პოსტოპერაციულ პერიოდს. იმის ალბათობა რომ ამ პაციენტებს თვითონ ჰქონოდათ ვირუსი არის პრაქტიკულად გამორიცხული. მათი ინფიცირება, სამწუხაროდ მოხდა მედპერსონალის მიერ. წყარო ჩვენ კლინიკაში არის ჩვენი ერთ-ერთი ექთანი, რომელიც თვითონ დაინფიცირდა თავისი ძმისგან, რომელიც არის სასულიერო პირი”,- ამბობს კლინიკის დირექტორი.

მისივე თქმით, ინფიცირებულ პოსოპერაციულ პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასაკოვნები არიან.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს სასულიერო პირს, რომელმაც ვერაზე, იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში წირვა ჩაატარა, კორონავირუსი დაუდგინდა. COVID-19 დაუდგინეს მის 3 ოჯახის წევრსაც, მათ შორის დას.