კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. აქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.
სასულიერო პირს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზე აღასრულებდა. ამას ადასტურებს ეკლესიის მრევლი. ინფორმაცია, რომ სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ მსახურებაში მიიღო მონაწილეობა, საპატრიარქომაც დაადასტურა.
მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ ეს სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განცხადებით დაინფიცირებული მღვდელმსახური რეგულარულად დადიოდა ტაძარში.
„პრაქტიკულად გამოვლინდა საქართველოში ერთ-ერთი მოქმედი მღვდელმსახურის დაინფიცირების ფაქტი, როელმაც დააინფიცირა საკუთარი ოჯახის წევრები. როგორც ირკვევა, მან გადასდო საკუთარ დას რომელმაც შემდგომში დააინფიცირა დედამთილი და წარმოიშვა ოჯახური კლასტერი. საეკლესიო პირობებში ეს კიდევ უფრო საფრთხის შემცველია, რადგან აღნიშნული მღვდელმსახური რეგულარულად ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდა.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ის არ იმყოფებოდა ბზობის დღესასწაულზე, მაგრამ მრევლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იგი იყო წირვაზე ბზობის დღესასწაულზე. საინტერესოა ის, რომ საპატრიარქოს ვერსიით, ის რამდენიმე დღეა არ გამოჩენილია ტაძარში იმის გამო, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ჰქონდა ეჭვი ვირუსით დაინფიცირებისა “, – განაცხადა თეოლოგმა.