ინფორმაციამ ომში მობილიზებულების დაღუპვის შესახებ რუსეთში კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია – ISW

საჯაროდ გავრცელებულმა ინფორმაციამ ცუდად მომზადებული მობილიზებული რუსი ჯარისკაცების უკრაინაში დაღუპვის შესახებ რუსეთში სამხედრო მეთაურობის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, ISW–ს ანალიტიკოსები მორიგ ანგარიშში წერენ.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩელიაბინსკიდან მობილიზებული 5 სამხედრო ბრძოლებში პუტინის მიერ გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაციიდან“ სამი კვირის თავზე დაიღუპა.

ამ ინფორმაციამ რუსეთში ბევრ კომენტატორს აიძულა ეთქვა, რომ სავარაუდოდ მობილიზებული სამხედროების რაოდენობა, ვინც ბრძოლებში დაიღუპა და დაიჭრა ბევრად მეტია. მიზეზი კი დაპირებული მომზადების, აღჭურვილობის არარსებობა, გაუმართავი მეთაურობა და ხშირ შემთხვევაში არამართლზომიერი მობილიზაციაა.

რუსეთის სამობილიზაციო სტრუქტურები კვლავ ბიუროკრატიული პრობლემების წინაშე დგანან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააქვეითოს მობილიზებული რუსი სამხედროების ბრძოლისუნარიანობა – წერენ ანალიტიკოსები.

რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერ შექმნა საჭირო პირობები მობილიზებული სამხედროების ფრონტებზე გაგზავნის მონიტორინგის და ინტეგრაციისთვის.

სამხედრო ნაწილები მობილიზებულებს სხვადასხვა ქვედანაყოფებში ანაწილებენ და არ აწარმოებენ ფრონტებზე მათი დისლოკაციის ადგილების სათანადო აღწერას, რაც მათი ოჯახების პროტესტს იწვევს სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ.

გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ჩინოვნიკები სამხედრო გამოცდილების მქონე მამაკაცებს ისეთ ქვედანაყოფებში გზავნიან, რომლებიც მათ კვალიფიკაციას არ შეესაბამება.

ანგარიშის მიხედვით, ერთ–ერთი რუსი ბლოგერი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უუნარობა, მოახდინოს  მობილიზებული სამხედროების ოჯახების ინფორმირება მათი ადგილსამყოფელის შესახებ, გამოიწვევს მათი დედების და ცოლების მიერ უფლებადაცვითი ჯგუფების შექმნას, რომლებიც “რუსეთს შიგნიდან დაგლეჯენ“.