“ინფორმაციების გამოტანა ხდება, ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან”- ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდს აფასებს და აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დეტალების გასაჯაროება კონკრეტული პოლიტიკოსების არასანდოობაზე მიუთითებს.
“რაც შეეხება მესამე რაუნდს, შეხვედრები მიმდინარეობს. დაველოდოთ, როგორ წარიმართება, თუ მოხდება კონსენსუსის მიღწევა, გაირკვევა მომდევნო დღეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მგონი, ყველას აქვს შეთანხმება აღებული, რომ ეს შეთანხმება, ვიდრე ბოლომდე არ იქნება მიღწეული და არ იქნება ხელმოწერილი, დეტალებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციების გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არიან არასანდოები, როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენ საერთაშორისო მეგობრებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ჩანაწერებს, რაზეც აპელირება მიდის, ჯერ ერთი ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს იმის, რომ ვიღაცა გაათავისუფლოს და გამოუშვას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება. რაც შეეხება არჩევნების ხელახალ ჩატარებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა კალაძემ.