იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, – წერს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე.
“1) ციხეში ადამიანი იყო ჯანმრთელი და საწინააღმდეგო ინფორმაცია არ გაუვრცელებია პენიტენციურს;
2) პატიმარი 23 იანვარს ვივამედში შეიყვანეს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით – ინტერნეტში ვრცელდება პაციენტის ფორმა 100 და ასევე ზურაბ ჩხაიძის განცხადებაც ამას ადასტურებს.
3) პენიტენციური ადასტურებს, რომ საკანში ანდა სხვაგან პატიმრებთან ჩხუბი არ მომხდარა, რასაც შეეძლო ეს დაზიანებები გამოეწვია.
აქედან მარტივი დასკვნა, ციხის პირობებში ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მიიღო ამ ადამიანმა ეს საშინელი დაზიანებები.
ახლა რაც შეეხება გამოძიებას:
1) თავიდანვე აშკარა იყო რომ ამ საქმეში არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საკითხის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და რატომ დაიწყო იუსტიციის საგამოძიებომ. პენიტენციური დღეს ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს უკვე “ჩართულია”, მაგრამ ეს რას ნიშნავს ვერ ვიგებ.
2) სახალხო დამცველი თუ ამ საქმეს სწავლობს. საინტერესოა რა ნახეს ვიდეო ჩაწერებში რასაც გაეცნენ. რა ჩანს თუნდაც საერთო სივრცეების კამერებში, რა ტრაექტორიით გადაადგილდება პატიმარი და რომელ საათებში, რომელი პერიოდიდან იკარგება მისი კვალი. ასევე რა ინფორმაცია მიაწოდეს მას თანამესაკნეებმა.
3) ასევე სახალხო დამცველმა უნდა გვითხრას რატომ არ გაუჩნდა ეჭვი, რომ არასათანადო მოპყრობის ნიშნები იყო სახეზე და არ მიმართა სპეციალურ საგამოძიებოს რომ მას დაეწყო გამოძიება (და არა იმავე უწყებას, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც იკვეთებოდა).
4) საეჭვოა ის რომ პენიტენციური 1 კვირა მალავდა ამ საკითხს და მხოლოდ სხვა პატიმრების წყალობით მოხდა ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის.
აშკარაა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მოხდა პირის მიმართ წამება ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმა და შედეგად გუშინ გარდაიცვალა პატიმარი”, – წერს ბურჯანაძე.
46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.