“იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ!”. – ამ ლოზუნგით თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა “იპოდრომი — უბეტონო მხარე”. ერთ-ერთი აქტივისტის, თეონა რეხვიაშვილის თქმით, შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოსთხოვონ, თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი იპოდრომის ტყეს.
“დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ სამუშაოებს, რაც იპოდრომზე მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიიღო საკრებულომ, რაც იპოდრომის ტყის ზონალურ ცვლილებას შეეხებოდა – იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოვთხოვოთ თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ერთადერთ ტყეს, რომელიც შემორჩენილია ქალაქში და სამშენებლოდ გაამზადონ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისის საკრებულომ უჩუმრად და მოქალაქეთა ინტერესების სრული უგულებელყოფით იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და ამით თბილისში შემორჩენილი ერთადერთი გამწვანებული სივრცის დაბეტონებას საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი.
აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ იპოდრომის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან ცათამბჯენების მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
საუბარია დედაქალაქის ცენტრში მდებარე 80 145 კვადრატულ მეტრზე, რომელიც ცვლილებამდე სარეკრეაციო ზონა 1 და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსს ატარებდა. აღნიშნულ ზონებში კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება.
ტერიტორიის მფლობელი შპს “ცენტრალ პარკ ავენიუა”, რომლის დირექტორიც ვასილ ფხაკაძეა. აღნიშნული კომპანია ტერიტორიისთვის ითხოვდა მინიჭებოდა, : საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ი.
„ცენტრალ პარკ ავენიუმ“ ტერიტორია „ფონდი ქართუსგან“ შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 5 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.