ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეაჩერა

რესპუბლიკურის საავადმყოფოს დემონტაჟი და რეორგანიზაცია რამდენიმე წლით შეჩერდება. გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. მისი თქმით, ექიმებთან შეხვედრისა და კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უახლოესი თვეების განმავლობაში ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს, საავადმყოფო კი ახლის აშენებამდე ფუნქციონირებას გააგრძელებს.

კობახიძემ თქვა, რომ საავადმყოფოს დღევანდელი ინფრასტრუქტურა კარგ მდგომარეობაში არ არის, თუმცა მის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება. ამ განცხადებით მან ყოფილი პრემიერის პროპაგანდა თავდაყირა დააყენა, რადგან ღარიბაშვილი და სამთავრობო მედია მოსახლეობას უმტკიცებდნენ, რომ საავადმყოფოში უმძიმესი მდგომარეობა იყო.

ექიმები რესპუბლიკური სააავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებასა და დაგეგმილ რეორგანიზაციას 1 თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ. ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ სპეციალისტების დასკვნით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელური იყო. შესაბამისად, იგეგმებოდა ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულების, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა.