”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, თამარ ზაალიშვილმა TV პირველის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ადვოკატი ქეთი ზანდუკელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ზაალიშვილი TV პირველს, ნოდარ მელაძის გადაცემაში გასული სიუჟეტის გამო ედავებოდა.
მისი განცხადებით, ცილისმწამებლურია ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა. სიუჟეტი “ყალბი დიპლომები სარდაფიდან” ტელეკომპანიის ეთერში 10 ივლისს გავიდა. სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ რომ წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ სარდაფში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყალბ დიპლომებს გასცემენ. სიუჟეტში უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, მარინა მიქაუტაძე ყვება, რომ “სისტემურ დანაშაულზე” უწყებების დუმილის მიზეზი ირაკლი კობახიძე და მისი დედა, თამარ ზაალიშვილი იყვნენ, რომელსაც, მისივე ცნობით, გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი.
თამარ ზაალიშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს:
“თითქოს და მე, თამარ ზაალიშვილი, როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ვახდენდი ყალბი დიპლომების ლეგიტიმაციას. ეს საშინელი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადებები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მეწარმოებინა ეს სასამართლო დავა ტელეკომპანია პირველის მიმართ”. – ამბობს ის იმედთან ინტერვიუში.